გასულ წელს, ისრაელი გაცხარებულად ეჯიბრებოდა მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს ვაქცინის მოსაპოვებლად. როგორ მოახერხა ცხრა მილიონიანმა ქვეყანამ Pfizer-ის ვაქცინის დიდი ოდენობის დოზების მომარაგება?
The Financial Times-ის ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, იმ ინტენსიური მოლაპარაკების შედეგი იყო, რომელიც Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს ალბერტ ბურლასა და ისრაელის პოლიტიკოსებს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ჯანდაცვის მინისტრ იული ედელშტაინს - შორის 17-ჯერ შედგა.
პოლიტიკოსებმა კომპანიის მთავარი ოფიცერი დაარწმუნეს, რომ სამაგალითო პრეცენდენტს შექმნიდნენ: ისრაელი იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც მათი ვაქცინების საშუალებით, საზოგადოებრივ იმუნიტეტს მიაღწევდა.
"კომპანია შეძლებს, ამით იამაყოს, მოგება ნახოს და გაასაჯაროოს ინფორმაცია", განაცხადა ედელშტაინმა გამოცემასთან ინტერვიუში./p>
ქვეყანა დამატებით ელოდება ვაქცინებს. მარტისთვის ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი საკმაოდ ჭარბი რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი.
ისრაელში ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა უკვე 2,6 მილიონმა ადამიანმა გაიკეთა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯერჯერობით არ არის საკმარისი ინფორმაცია, რასაც Pfizer-ს გაუზიარებდნენ, რადგან ისრაელს ჯერ არ მიუღწევია "პოპულაციური იმუნიტეტისთვის".
მიუხედავად ვაქცინაციის მაღალი ტემპისა, ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამასთან ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებაც პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევას ხელს უშლის.
ისრაელში რამდენიმე კვირის წინ დაფიქსირდა ვირუსის ახალი შტამი, რომელიც სწორედ ახალგაზრდებისთვისაა საშიში.