თეონა აქუბარდიამ მინისტრ დარჩიაშვილს მადლობა გადაუხადა, რომ „ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია“

პარლამენტში, სადაც პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მინისტრს მადლობა გადაუხა იმისთვის, რომ მისი თქმით, „ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია“.

თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ პროცედურის ფარგლებში მის კითხვებზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

„ბატონო მინისტრო, მგონი, თქვენ ერთადერთი მინისტრი ხართ, საგარეო ფრონტზე, რომელსაც ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია. ამისთვის გულწრფელად გიხდით მადლობას, ისევე როგორც იმ პასუხებისთვის, რომლებიც ამომწურავადაა მოცემული - დაგვიანებით, თუმცა მიღებულია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

„თქვენ გაქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მინდა, გაიაზროთ ეს და გაითავისოთ. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან რთულ დროს ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის და მადლობა, მათ შორის, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვისთვის, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის, შესაბამისად, ეს ვალდებულება არის პასუხისმგებლობა და ძალიან გამიხარდება, თუ ამას ისევე მიიღებთ, როგორც ჩვენ და ყველაფერი გავაკეთოთ ერთად იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წელს“, - მიმართა პარლამენტის უფრაქციო წევრმა საგარეო საქმეთა მინისტრს.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს შეეძლო მინსკიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა, როცა იქ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ბჟანია ჩავიდა. ასევე კარგი იქნებოდა, მინისტრს ტატუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირზე საჯარო რეაქცია ჰქონოდა.

„ამით არაფერი მოხდებოდა, ომს ნამდვილად არ დაიწყებდა რუსეთი ამის გამო, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.