„ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღეს იმის მერე, რაც ოფიციალურად გასულია ხელისუფლებიდან იმიტომ, რომ გარედან ისმის ეს კითხვა და მგონი, საზოგადოებაშიც არის განცდა თუ კითხვა, სამ მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „ტვპირველთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
„კითხულობენ, მე კი არ მეკითხებიან, იმიტომ, რომ მე ამაზე პირდაპირი პასუხი ან მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ სად არის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი და არავინ არ იცის, სად არის... ეს ახალგაზრდები რა არიან, შემსრულებლები, გამხმოვანებლები თუ ესენიც ღებულობენ გადაწყვეტილებებს. და რატომ ლაპარაკობენ რაღაც ასე...შიზოფრენიული რიტორიკით.... პრემიერი ევროპაში როცა ჩადის, იმას ამბობს, რისი მოსმენაც მათ სურთ და აქ რომ გამოდის პარლამენტში, სხვა თემებით გამოდის“.
ჟურნალისტის შეკითხვას, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ იცის.
„კითხვა რომ არსებობს, ეს პოლიტიკური სისტემისთვის არის ცუდი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება კომუნიკაციას ივანიშვილთან, ზურაბიშვილის თქმით, მას ამის მცდელობა არ ჰქონია: „თუმცა სურვილი დღეს ძალიან მაქვს, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ იმდენად საჭიროა, მეტი სიცხადე შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, ამისი საშუალება უნდა იყოს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
„არ მაქვს მე კომუნიკაციის საშუალება, თქვენ ხართ ყველაზე კარგი საშუალება. იმისთვის, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს პოლიტიკური პროცესები, თუ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ვართ, ჯერჯერობით და შეგვიძლია დავრჩეთ ამ პერსპექტივაში, საჭიროა, რომ იყოს მეტი გამჭვირვალეობა ყველა მხრივ.
მას ვეტყოდი, პირველ რიგში, რომ საჭიროა მეტი სიცხადე იმის შესახებ, თუ სად არის მიღებული გადაწყვეტილებები და რა ფორმით - ეს არის კოლექტიური, ეს არის კამათის შემდგომი, იმიტომ, რომ ძალიან რთულია გაგება, თუ რა ხდება, როცა ისმენ ამ რიტორიკას, ხან აქეთ და ხან იქით, ხან ლანძღვაა ჩვენი პარტნიორების, ხან ამერიკის ელჩის, ხან ევროკავშირის, როცა ის მიდის, რაც დიპლომატიურად ძალიან არასწორი და არაკორექტულია, ხან კი არის განცხადებები, რომ ჩვენ ვასრულებთ რეკომენდაციებს, მივდივართ ამ გზაზე და სად არის რეალური ჩვენი ხაზი?“- განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა უნდა შემოიტანოს სიცხადე.
ივანიშვილი ოლიგარქია? - ზურაბიშვილმა ამ შეკითხვასაც უპასუხა:
„კი, იმ გაგებით, რომ აქვს ფული. გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი.
ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის ამ პოლიტიკური სისტემის არაგამჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ - სად მიიღება გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა“.