აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახენ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგას უთხრა, რომ კიევს აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ვაშინგტონის პრიორიტეტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებია.

სატელეფონო საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევის გაგრძელებას დაჰპირდა.

„სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას, რაც გააძლიერებს უკრაინის ინსტიტუტებს და უზრუნველყოფს ყველა უკრაინელის ნათელ და წარმატებულ მომავალს. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ ასევე განიხილეს უკრაინის ძალისხმევა COVID-19-თან ბრძოლაში და აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში რუსეთის აგრესიის საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის პროგრესის შენარჩუნებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის რეალიზაციის მნიშვნელობა.