მთელი ისრაელის მასშტაბით მომიტინგეები ანტისამთავრობო აქციას მართავენ. მანამდე, პროტესტი ღამით გრძელდებოდა - გამთენიისას, პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, შეაჩეროს რეფორმები „ისრაელის ხალხის ერთიანობისთვის“.
„უსაფრთხოება, ეკონომიკა, საზოგადოება, ყველაფერი საფრთხის ქვეშაა. ისრაელის ხალხის ერთიანობისთვის, პასუხისმგებლობისთვის, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი... ეს არ არის პოლიტიკის მომენტი, ეს არის ლიდერობის და პასუხისმგებლობის მომენტი“, - აღნიშნა ჰერცოგმა.
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დიდი ზეწოლის ქვეშაა. მას სასამართლო რეფორმების გამო აკრიტიკებენ. ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ისრაელის საზოგადოების თითქმის ყველა ნაწილის, მათ შორის სამხედროების აღშფოთება გამოიწვია.
„კვირას საღამოს ათიათასობით გაბრაზებული ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მას შემდეგ, რაც ნეთანიაჰუმ გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ცვლილებების შეჩერება მოითხოვა. პოლიციამ და ჯარისკაცებმა იერუსალიმში, ნეთანიაჰუს სახლის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს“, - წერს BBC.
თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტიდან ფრენები შეჩერებულია მას შემდეგ, რაც მუშაკები ფართო გამოსვლების მოწოდების ფონზე გაიფიცნენ.
ისრაელის მთავრობას სრული კონტოლის აღება სურს იმ კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ცვლილებები სასამართლოს უფლებამოსილების გადამეტებას შეაჩერებს, მაგრამ კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს კორუფციას შეუწყობს ხელს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ დაგეგმილი სატელევიზიო მიმართვა გაურვკეველი დროით გადაიდო.
ისრაელის სამაუწყებლო კორპორაცია Kan-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მმართველი კოალიციის ლიდერებს აცნობა, რომ შეაჩერებს სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესს.