მოლდოვა მრავალეროვნული წვრთნების „JCET-2023“ (Joint Combined Exchange Training) ფარგლებში 4 ქვეყნის ჯარისკაცების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას მასპინძლობს.
მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ წვრთნები მიმდინარე წლის 27 მარტიდან 7 აპრილამდე ეროვნული არმიის სასწავლო ცენტრებში ტარდება და მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას მოლდოვის, რუმინეთის, ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცრაზმებს შორის. ასევე მონაწილე კონტიგენტებს შორის თავსებადობის დონის ამაღლებას.
სცენარის მიხედვით, ოთხი ქვეყნის სამხედროები შეასრულებენ მოწინავე საბრძოლო სროლას, პარაშუტით დაშვებას, კონკრეტული მისიის საველე წვრთნებს. „ერთობლივი კომბინირებული გაცვლითი სწავლება“ ეროვნული არმიის 2023 წლის მომზადების გეგმის შესაბამისად ტარდება.