ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი რეაგირებას მოახდენს, თუ რუსეთი განათავსებს თავის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელორუსში. მისი კომენტარი უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა.
საუბარია სანქციებზე.
„ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - დაამატა სტანომ.
მისივე თქმით, ევროკავშირს სურს, გაიგოს, რას ამბობს ბელორუსი, რომლის მხრიდანაც ფაქტის დადასტურება არ მომხდარა.
„მაგრამ ფაქტია, რომ ეს იქნება ესკალაცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას და წევრი ქვეყნების რეაქციის გარეშე არ დარჩება“, - განაცხადა სტანომ.
ევროკავშირის ოფიციალური პირები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს ამზადებენ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, განათავსოს თავისი ტაქტიკური ბირთვული იარაღი მეზობელ ბელორუსში, „უპასუხისმგებლო ესკალაციაა და საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის".
„ბელორუსის მასპინძლობა რუსული ბირთვული იარაღისთვის ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის.
ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია, შეაჩეროს ეს, ეს მათი არჩევანია.
ევროკავშირი მზადაა, უპასუხოს შემდგომი სანქციებით“ , - დაწერა Twitter-ზე ბორელმა.
ამასთან, NATO-მ რუსეთი მისი საშიში და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის გამო გააკრიტიკა.
„NATO ფხიზლადაა და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას.
NATO-ს მოკავშირეები მოქმედებენ საერთაშორისო ვალდებულებების სრული პატივისცემით. რუსეთი გამუდმებით არღვევს შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებს, ბოლოს კი შეაჩერა მონაწილეობა ახალ START-ის ხელშეკრულებაში”, - განაცხადა NATO-ს სპიკერმა.
პარალელურად, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. უკრაინა რუსეთის ტაქტიკურ ბირთვულ გეგმებს კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ძირს უთხრის"მთლიანად საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას. კიევი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები აგრესორი სახელმწიფოს მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერი შესაძლებლობის ეფექტიანად აღსაკვეთად.
„უკრაინა გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, შეერთებული შტატების და საფრანგეთის მხრიდან კრემლის ბირთვული შანტაჟის საპირისპიროდ ეფექტურ ქმედებებს ელის... ჩვენ მოვითხოვთ, ამ მიზნით სასწრაფოდ მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა”, - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიმუქრა, რომ მისი ქვეყანა აპირებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ბელორუსში. პუტინის განცხადებას პენტაგონშიც გამოეხმაურნენ.