„შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტი „კატეგორიულად გმობს ყოველივე შევიწროვებას, სიტყვიერ თუ ფიზიკურ თავდასხმას“.
„გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდური მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, მორალურად. მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება.
ყოველივე შევიწროვებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რამაც შეიძლება, მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიას იცნობდნენ და კიდევაც იცნობენ, იმედი მაქვს, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას, ქვეყანას, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას.
ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე პოლიტიკური ზიანი. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება თავს იწონებს 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ, მეორე ხელით ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, თათია სამხარაძემ დღეს სალომე ზურაბიშვილს მიმართა და დახმარება სთხოვა.
ჟურნალისტი თათია სამხარაძე ტელეკომპანია „POSTV“-ის დამფუძნებელსა და დირექტორს შალვა რამიშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ანალოგიური ბრალდებები მის წინააღმდეგ გასულ კვირას სხვა ქალებმაც გააჟღერეს. თავად რამიშვილი ტელეკომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს.
სახალხო დამცველმა „თანადგომა გამოუცხადა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები“.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს - მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ“.