უკრაინამ დიდი ბრიტანეთიდან Challenger-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკები და სხვა პარტნიორებისგან ჯავშანმანქანები მიიღო. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა დააკონკრეტა, რომ უკრაინამ მიიღო Challenger-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკები გაერთიანებული სამეფოდან, Stryker-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და Cougar-ის ტიპის (ნაღმებისა და ჩასაფრებებისგან დამცავი) ჯავშანმანქანები შეერთებული შტატებიდან, ასევე, Marder-ს ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები გერმანიიდან.
„ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ასეთი ძლიერი იქნებოდა; რომ მთელი ცივილიზებული სამყარო საბოლოოდ წინააღმდეგობას გაუწევდა სისხლიან აგრესორს, ტერორისტულ ქვეყანას რუსეთს. წელს ყველაფერი შეიცვალა. უკრაინამ შეცვალა მსოფლიო. უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და ჩვენი არმიის ოსტატობამ ყველა დაარწმუნა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს“, - წერს რეზნიკოვი Facebook-ზე.