საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მაქსიმუმ ხუთშაბათს გაიგზავნება.
"მე რომ მკითხო, წინა კვირაშიც უნდა შეტანილიყო სარჩელი. ვერ გეტყვით, ვერ ვიღებ პასუხს. სასწრაფო და აუცილებელია გაგზავნა. ადვოკატები არ მინახავს, არ ვიცი. დღის ბოლომდე რაღაცებს ვლაპარაკობთ, შემდეგ მთავრდება დღის ბოლო და პასუხს ვერ ვიღებ. მე მეჩქარება დიდი ხანია, ადამიანი გაქრა, ხომ ხედავთ. ადვოკატებსაც იმავეს ვეუბნები, სხვა რა უნდა ვუთხრა. არ გამიგია, რა პროცედურებია კიდევ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.