უკვე რამდენიმე დღეა, ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან - სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კონსილიუმი მასთან შესახვედრად მზად არის, ამიტომ, სააკაშვილი მიმართავს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიან, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს.

„ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას. უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან.

ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.