2023 წლის 21 მარტს, ინგლისისა და უელსის სასამართლოს სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი, რომლითაც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს, მის ბიზნესპარტნიორებს ბენჯამენ მარსონს და იგორ ალექსეევს დააკისრა მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ. 2021 წელს მიღებული განაჩენით, რუხაძის აქტივების ნაწილი დაყადაღებულიც იყო.
დაკისრებული კომპენსაციების მთლიანი მოცულობა $170 მილიონ დოლარს აღემატება, რაშიც შედის როგორც უშუალოდ კომპენსაცია, ასევე დარიცხული პროცენტი და იურიდიული ხარჯების ანაზღაურება.
საქმე ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში მიღებულ განაჩენს უკავშირდება, რომლითაც ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიდინეს “კომერციული შეთქმულება”, რომლის შედეგადაც კომპანიებმა, Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მა “მილიარდიანი პროექტის” განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს.
ირაკლი რუხაძე და მისი საინვესტიციო ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი საქართველოში არაერთ მსხვილ კომპანიას ფლობს და მართავს. ჰოლდინგის საკუთრებაშია ქვეყნის სიდიდით მესამე – “ლიბერთი ბანკი”, ასევე “რუსთავის მეტალურგიული ქარხანა”, ჰოლდინგი ასევე ფლობს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს”, რომელიც თავის მხრივ ტელეკომპანიების “იმედისა” და GDS-ის 100%-იანი წილს ფლობს. ასევე ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების საკუთრებაშია 22%-იანი წილი საქართველოს უმსხვილეს ცემენტის მწარმოებელში “ჰაიდელბერგცემენტში”, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი არის. ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების საკუთრებაშია ასევე 10%-იანი წილი ქვეყნის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ “მაგთში”.
წყარო - Forbes.ge