საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოძრაობს.
„ხან იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს. თურმე არ ჭამს, მაგრამ იმატებს, ეს როგორ ხდება, არ ვიცი. ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი. ვერ მოძრაობას. არანაირი ძალა აღარ აქვს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.