აზერბაიჯანი და ისრაელი ირანისგან მომდინარე საფრთხეს იზიარებენ. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ირანი ემუქრება ჩვენს რეგიონს და ქმნის არასტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ირანის წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა მივცეთ ირანს საშუალება, გააფართოოს თავისი ბირთვული პოტენციალი", - აღნიშნა კოენმა.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებით შეუძლია მოქმედება.
28 მარტს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით ისრაელსა და პალესტინაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 29 მარტიდან 30 მარტამდე გაგრძელდება, ბაირამოვი შეხვდება ორივე ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, დაგეგმილია მისი მონაწილეობა ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნის ცერემონიაში.