აზერბაიჯანი ისრაელის სტრატეგიული პარტნიორია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნისას განაცხადა.
აზერბაიჯანის საელჩოს გახსნას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი დაესწრნენ.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ასახავს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.
კოენმა საელჩოს გახსნას ახალი ეტაპი უწოდა ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების 30-წლიან ისტორიაში.
„აზერბაიჯანი და ისრაელი რეგიონული უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში თანამშრომლობენ“, - განაცხადა კოენმა.
ისრაელის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში მუსულმანურ სამყაროში ყველაზე დიდი ებრაული თემია.
ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისია, განაცხადა თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
იერუსალიმში თავის ისრაელელ კოლეგა ელი კოენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბაირამოვმა აღნიშნა, რომ რეგულარული კონტაქტები ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებას.
უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დადებითად შეაფასა აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის საპარლამენტთაშორისო კავშირების მაღალი დონე. ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ებრაული თემი აზერბაიჯანში და აზერბაიჯანული დიასპორა ისრაელში.