უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ არქიმანდრიტი ავრაამი (ლოტიში) კიევ-პეჩერის ლავრის ვიკარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ დააკმაყოფილა არქიმანდრიტის თხოვნა და დალოცა მამა ავრაამი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შესრულების საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ეპიფანემ მიმართა მთავრობას, დაუშვას ლავრის შენობების გამოყენება რელიგიური მსახურების, ბერების განსახლებისა და სამონასტრო საქმიანობისთვის. მიტროპოლიტმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა მოსკოვის საპატრიარქოს მხარდამჭერების შესაძლო პროვოკაციებისგან ვიკარისა და მონასტრის დაცვას ხელს შეუწყობს.
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტიდან უქმდება.
უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტირების დასრულების შემდეგ, ბერები კიევის ლავრაში დარჩენას გარკვეული პირობებით შეძლებენ. მისივე თქმით, ბერებმა თავად იციან, რა ვარიანტები აქვთ ლავრაში ცხოვრების გასაგრძელებლად.
თავის მხრივ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ მღვდლების გამოსახლება მოხდება უკრაინის კანონების შესაბამისად და რომ კიევ-პეჩერის ლავრა უმასპინძლებს რელიგიურ მსახურებას უკრაინის კანონების შესაბამისად და არა იმ სუბიექტების ჩართულობით, რომლებიც ოდესღაც აქ დიდი რაოდენობით შეიქმნა გარკვეული საკანონმდებლო ჩარჩოს მიღმა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს არაერთი ეპარქია, სადაც რამდენიმე სასულიერო პირი მტრის ძალების მხარეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საზიანო ქმედებებშია ეჭვმიტანილი.
შეგახსენებთ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემბებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეს კიევ-პეჩერის ლავრა და სხვა მონასტრები ჩამოერთვა. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტმა ონოფრემ და სხვა სასულიერო პირებმა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია და შენობა 2023 წლის 29 მარტამდე უნდა დატოვონ.
2022 წლის 27 მაისს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, ოფიციალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან.