"რამდენიმე დღეში, სამუშაოდან გამომდინარე, მოგვიწევს პარკის სრულად ჩაკეტვა იმის გამო, რომ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იწყება", - ამის შესახებ ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის თქმით, ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
„დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების განახლება და მოწესრიგება. ამ მიმართულებით ბევრი ნაბჯი იქნა გადადგმული და კარგი პროექტები განხორციელდა.
ვაკის პარკი არის სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მის განახლებასთან დაკავშირებით. ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც ამ პარკს აქვს თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან გამომდინარე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული, იქნება მოწესრიგებული და თითოეულ დეტალს გავუფრთხილდებით იმისთვის, რომ ეს სიმდიდრე, რაც ამ პარკს გააჩნია, მაქსიმალურად იყოს შენარჩნებული.
მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში, სამუშაოებიდან გამომდინარე, მოგვიწევს პარკის სრულად ჩაკეტვა იმის გამო, რომ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იწყება. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, არის მათი ჩართულობა და ბევრი საინტერესო იდეაც ჰქონდათ, რომელიც ამ პროექტში იქნა გათვალისწინებული.
სამუშაოები წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა იყოს დასრულებული და დარწმუნებული ვარ, რეაბილიტაციის შემდეგ კიდევ ერთი მაგარი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება ქალაქში, რომლითაც შეეძლება როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სარგებლობა, ასევე ჩამოსულ სტუმრებსაც“,- განაცხადა კახა კალაძემ.