აშშ-ს მთავრობა არ ეთანხმება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ ისეთ „სამშვიდობო წინადადებას“, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, მოამზადოს ახალი თავდასხმა უკრაინაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
პატელმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში დანაშაულების გამოსაძიებლად, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გაეროს კომისიის და საექსპერტო მისიების გამოძიებას.
„ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია, კონსტრუქციული როლი შეასრულოს, როდესაც საქმე ეხება რუსეთის უსამართლო და ბარბაროსულ თავდასხმას უკრაინაზე, ეს ხდება ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად და მჭიდრო კოორდინაციით.
თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როდესაც საქმე ეხება ჩინეთის „სამშვიდობო წინადადებას“, ეს საბოლოოდ უკრაინის გადასაწყვეტია. წინადადება, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთს, განაახლოს თავისი ძალები ან ის, რაც შემდგომ თავდასხმამდე მიგვიყვანს, რა თქმა უნდა, განწირულია წარუმატებლობისთვის“, - აღნიშნა პატელმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავზე, ჩინეთმა თავისი 12-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წინადადებები რუსეთის ხელმძღვანელობასთან 20-23 მარტს მოსკოვში ვიზიტის დროს განიხილა. ჩინეთის პოზიციას ბევრი ქვეყანა, მათ შორის თავად უკრაინა სკეპტიკურად შეხვდა.
ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს.
უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა.
ჩინეთს ხშირად მოუწოდებენ, რომ საჯაროდ დაგმოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თუმცა პეკინი აცხადებს, რომ „მშვიდობას, დილოგს უჭერს მხარს და ისტორიის სწორ მხარეს დგას“.