ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

ჯეფ ბეზოსი კომპანია Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს.

თანამდებობის დატოვების შესახებ მან კომპანიის თანამშრომლებისადმი მიწერილ წერილში განაცხადა.

ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ ის გადადგება Amazon- ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან და დატოვებს კომპანიის სათავეებს, რომელიც 27 წლის წინ დააარსა.

კომპანიის განცხადებით, ბეზოსი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Amazon-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი Amazon-ის ვებმომსახურების ხელმძღვანელი, ენდი ჯესი გახდება.

თანამშრომლებისადმი წერილში ჯეფ ბეზოსი აღნიშნავს, რომ მას უფრო მეტი დრო და ენერგია ექნება თავის სხვა პროექტებზე ფოკუსირებისთვის, როგორებიცაა „დედამიწის ფონდი“, კოსმოსური კომპანია „ბლუ ორიჯინი“ და „ვაშინგტონ პოსტი“.

2020 წლის თებერვალში ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიარდ დოლარს გამოყოფს და ქმნის ეკოლოგიურ ფონდს, სახელწოდებით „ბეზოსის დედამიწის ფონდი“.