გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. მან განცხადება უკვე დაწერა.
„არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვირაში დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და 31 მარტის 12 საათიდან ოფიციალურად აღარ ვიქნები საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები. დავწერეთ მე და ჩემმა კოლეგებმა დიდი და მსუყე ანგარიში და შემდეგ კვირას იხილავთ ყველა“, - წერს სახალხო დამცველის მოადგილე Facebook-ზე განთავსებულ განცხადებაში.
„62 თვის განმავლობაში ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის უამრავ გადასარევ კოლეგასთან ერთად ვიყავი საჯარო სამსახურში და მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა და გამუდმებული თავდასმხებისა, გვქონდა ერთი ამოცანა - ყველა გაჭირვებული და უფლებდარღვეული ადამიანის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის რეკომენდაციით მიმართვა რომ ეს გამოესწორებინათ“, - ამბობს გიორგი ბურჯაბაძე.
გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის აპარატში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.
„ყოველთვის ვიამაყებ, რადგან რაც კი სახალხო დამცველს აქვს ან თეორიულად შეიძლება, ჰქონდეს, ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ ამ ხუთ წელიწადში. ვიყავით მუდამ იქ, სადაც პრობლემა იყო და არასდროს შეგვშინებია ვინმესი ან რამესი, - წერს გიორგი ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, ახალი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 7 მარტს გახდა.