საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში მისი სამუშაო ოთხ პრიორიტეტზე იქნება კონცენტრირებული.
 
კომიტეტის წევრებო, მადლობას გიხდით დღეს თქვენ წინაშე გამოსვლის შესაძლებლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო პრეზიდენტ ბაიდენის მიერ წარდგენილი კანდიდატურა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე და მადლობელი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც პრეზიდენტმა და მდივანმა ბლინკენმა გამომიცხადეს. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ამ კომიტეტთან, კონგრესის ყველა წევრთან და თქვენს გუნდებთან.
 
დამტკიცების შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ ოთხ პრიორიტეტზე.
  • უპირველეს ყოვლისა, ჩემი უმაღლესი მოვალეობა იქნება აშშ-ის საელჩოში მომუშავე გუნდის და საქართველოში ყველა ამერიკელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბოლო 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, რათა დავხმარებოდით ჩვენი საელჩოს გუნდის დაცვას კიევში ძალიან რთულ გარემოში, ვიცი, რომ ეს პასუხისმგებლობა წმინდაა.
  • მეორე - მე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათ, რეალობად აქციონ თავიანთი სურვილი ევროკავშირთან, NATO-სთან და დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაციისა და მათი დემოკრატიული მომავლის გაღრმავების კუთხით. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არამხოლოდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, ღრმად მჯერა, რომ ეს არის აშშ-ის ინტერესშიც.
  • ჩვენ გვსურს დასავლეთთან მტკიცედ ინტეგრირებული, დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი საზღვრები და გაუძლოს რუსეთის მავნე აქტივობებს, მათ შორის რუსული დეზინფორმაციის ზეწოლას. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი შემაშფოთებელი მოვლენა ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ევროკავშირმა საქართველოს მიაწოდა რეფორმების საგზაო რუკა, რომელიც მან უნდა დაასრულოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით. მე მოუთმენლად ველი საქართველოს მხარდაჭერას ამ რეფორმების განხორციელებისას.
  • მესამე, გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მათ შორის  ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ინვესტიციებისთვის. მე ენერგიულად შევუწყობ ხელს აშშ-ის ექსპორტს და წავახალისებ რეფორმებს სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს გასაძლიერებლად. მე ასევე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყო პოტენციური ეკონომიკური იძულების პრაქტიკისგან დაცვას, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიის ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ქართველებმა ძალიან კარგად იციან ეს რუსული სახელმძღვანელოდანაა, რადგან 2008 წელს ნახეს, რომ ეს მოხდა მათ ქვეყანაში და ამას ყოველდღიურად განიცდიან, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული.
  • ჩემი მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მე ვიღებ ვალდებულებას, ვიმუშაო საქართველოსთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად.

ჩვენმა პარტნიორობამ ბოლო 30 წლის განმავლობაში სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს, ისე შეერთებული შტატების მოსახლეობას. საქართველო იყო NATO-ს მტკიცე პარტნიორი მშვიდობისთვის და ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა.


ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა 14 თებერვალს წარადგინა.

რობინ დანიგენი ბოლოს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა.

ის 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგანი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო.

რობინ დანიგანი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე.


საქართველოში ამჟამად კელი დეგნანი მუშაობს აშშ-ის ელჩად. 

კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.