რობინ დანიგენი: რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია

„მე თვალს ვადევნებდი საქართველოში საპროტესტო გამოსვლებს „უცხოური აგენტების კანონთან“ დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს პროტესტი ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს, მათი მომავალი მჭიდროდ იყოს ინტეგრირებული დასავლეთთან და ევროკავშირთან. ჩვენ მუდმივად ვხედავთ ქართველი ხალხის ერთგულებას ამ გზის მიმართ“, - ამის შესახებსაქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტსა“ მომავალ ელჩს სენატორმა ვან ჰოლენმა დაუსვა შეკითხვა. სენატორის შეკითხვა მოიცავდა იმ პროტესტსაც, რომელიც საქართველოში მოჰყვა ხსენებული კანონპროექტის წარდგენას.

„ვფიქრობ, ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, რომ გავაგრძელოთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ამ გზაზე. მჯერა, რომ რუსეთი ახორციელებს მავნებლურ აქტივობებს საქართველოში, მათ შორის დეზინფორმაციის გზით. ამას აქვს გავლენა ქვეყანაზე და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, არსებითაც მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან მათი დახმარება დემოკრატიული რეფორმების გატარებაში.

ევროკავშირმა წარმოადგინა 12 რეფორმა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. თუ დამამტკიცებენ, მჭიდროდ ვიმუშავებ მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭირო მათ ამ რეფორმების შესრულებაში.

სენატორო, ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას და დამტკიცების შემთხვევაში, ველოდები, რომ მჭიდრო კონტაქტს შევინარჩუნებ ამ საკითხზე, რადგან ეს არის არსებითი მნიშვნელობის საკითხი რეგიონისა და საქართველოსთვის“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.