საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზე მუშაობასაც ელჩად დამტკიცების შემთხვევაში აპირებს. მან კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხა ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე, რუსეთის ამბიციებსა და დასავლეთთან საქართველოს კავშირების გაძლიერების პერსპექტივებზე.
„ღრმად მჯერა, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების შენების, დამოუკიდებელი მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების გზაზე, ეხმარება საზოგადოების გაძლიერებას და ხდის მას უფრო მედეგს რუსეთის მავნებლური ქმედებების ან ჩინეთის მავნებლურ აქტოვობებთან მიმართებით.
სამუშაო, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ვახორციელებთ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე, შუა დერეფანი, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ნამდვილად ეხმარება საქართველოს, თავისი მომავალი დასავლეთს დაუკავშიროს. გავაგრძელებ ამ საკითხის პრიორიტულად ქცევას", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, როდესაც ჰკითხეს, რა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას შეერთებულმა შტატებმა, რომ უპასუხოს რუსეთის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს საქართველოზე.
რობინ დანიგენმა აქვე უპასუხა შეკითხვას, უნდა დაიკავონ თუ არა ხისტი პოზივია საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების წინააღმდეგ.
„მჯერა, რომ აუცილებელია, ვიყოთ გულწრფელნი საქართველოსთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებთან მიმართებით, რომლებსაც ვხედავთ. დანიშვნის შემთხვევაში, გავაგრძელებ გულწრფელ ურთიერთობას მთავრობასთან. მე ვიცი, რომ ამჟამად გვაქვს მთავრობასთან ასეთი საუბარი და გავაგრძელებ მას“, – განაცხადა რობინ დანიგენმა.
რაც შეეხება უკრაინას, რობინ დანიგენის შეფასებით, ქართველებმა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი უკრაინას ამ ომში.
„ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, გაგზავნეს კრიტიკული დანიშნულების ენერგეტიკული აღჭურვილობა რუსეთის მიერ დაზიანებული ენერგოსისტემის დასახმარებლად.
საქართველომ მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი. საქართველომ ასევე მიიღო რუსი დისიდენტები, აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთიდან ომის დროს გავიდნენ. სამწუხაროდ, ქართველებმა კარგად იციან ის საფრთხე, რაც ახლა უკრაინის წინაშეა, რადგან რუსეთს 2008 წლის შემდეგ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.
დამტკიცების შემთხვევაში, აქტიურად ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომ რუსეთი გავხადოთ ანგარიშვალდებული, შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად“, – განაცხადა რობინ დანიგენმა.