კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა უწყების მხარდაჭერა - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება ერთ-ერთი ძლიერი ანალიტიკური მიმართულება. 

მისივე თქმით, ბიუროს ასევე ექნება საერთაშორისო მიმართულება, ამასთან, შექმნილია ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ბიუროს თანამშრომლების გადამზადებას მოემსახურება, არამედ ის სხვადასხვა უწყებებში საჯარო მოხელეებს გადაამზადებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, აგრეთვე მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

„შემდგომი მიმართულება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება საერთაშორისო მიმართულება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი კოორდინაცია, ინფორმაციების მიმოცვლა, ამისთვის შევქმენით ცალკე დეპარტამენტი და მუდმივად გვექნება მათთან კომუნიკაცია, ინფორმაციების მიმოცვლა, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენი ბიუროს სამუშაოებს. ასევე შევქმენით ანტიკორუფციული ბიუროს სასწავლო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ბიუროს თანამშრომლების გადამზადებას მოემსახურება, ის სხვადასხვა უწყებაში საჯარო მოხელეებს გადაამზადებს მნიშვნელოვან მიმართულებებში და ამავდროულად იზრუნებს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საზოგადოებაში, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიებს განვახორციელებთ.

მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაც, აქ ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები, შევხვდებით, გავივლით სხვადასხვა საკითხს და ვიმედოვნებ, მათთან კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობის საშუალება მოგვეცემა. ასევე, აკადემიური წრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სპეციალურად ვქმნით ანტიკორუფციულ ბიუროში საკონსულტაციო საბჭოს, სადაც როგორც აკადემიური წრის, ისე ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან კონკრეტული მიმართულებებით და მათ ეს პლატფორმა დაეხმარებათ, რომ ახლოს გავიცნოთ ის მიმართულებები და რეფორმები, რაც დადგენილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისა და მხარდაჭერისთვის. ანტიკორუფციული ბიურო იქნება ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი კორუფციის მიმართ ბრძოლაში და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა უწყების მხარდაჭერა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, გისურვებთ წარმატებებს, ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ წარმატებებს ევროინტეგრაციის გზაზე,“- აღნიშნა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა.