„რაც არ უდნა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომელებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
„თუ გადავხედავთ ევროპულ რეკომენდაციებს, აქ ჩვენთვის არაფერია უცხო, არ არის გაუცხოების საფრთხე, პირიქით, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების გამოძახილია.
რამ გაყო დეპოლარიზაცია და ჩვენი საუკუნოვანი ტოლერანტობა, შემწყნარებლობა?
რამ გაყო ევროპული მოთხოვნა სასამართლო რეფორმისა და ჩვენი ტრადიცია ქართული სამართლის ძეგლებზე დაყრდნობილი და ჩვენში გამჯდარი სამართლიანობის მოთხოვნა?
რამ გაყო გენედრული თანასწორობა და ჩვენი ისტორიულად დაცული ქალის სამართლებრივი უფლებები (ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე) და ქალთა მიმართ პატივისცემა?
რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართევლოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას.
ამდენად, რაც არ უდნა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომელებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს.
რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე.
ერთი ვინმემ მითხრას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანა ვისი დაფინანსებით ხორციელდება და ვისთან გვაკავშირებს თუ არა ევროპასთნ?
ერთი ვინმემ მითხრას, ევროპული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ჩართვის გარეშე როგორ განვითარდებოდა იზოლაციაში მყოფი ჩვენი განათლების სისტემა?
დაბოლოს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებამ შემოიტანა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორიცაა, შრომის უსაფრთხოება, შრომის კოდექსის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, უსაფრთხოების ნორმები, გარემოს დაცვის სტანდარტები და ა.შ. საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვა იზოლაციაში ყოფნით შეუძლებელია და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ გააჩნია!
თუ აქამდე ვისაუბრე თქვენ მიერ ბოლო პერიოდში არჩეულ ბუნდოვან და ჩემთვის, ალხისთვის გაუგებარ გზაზე, იმდენი მესმის, რომ თქვენთვისაც, როგორც ამას ხშირად აღნიშნავთ, გაუგებარია ჩემი საუბარი და მიზანი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.