თამარ გაბუნია: მოსწავლეებს სისტემური ტესტირების შესახებ ჯერჯერობით არც მეცნიერული მონაცემები არსებობს და არც შესაბამისი რესურსები გვაქვს

"ყოველდღე რომ ყველანი გავიტესტოთ, კარგი იქნებოდა, მაგრამ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუ ვინ არის უფრო მაღალი რისკის ჯგუფში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, სწავლის განახლების შემდეგ სკოლების დახურვის შემთხვევები არ ყოფილა, ყველა სკოლამ წარმატებით დაიწყო და აგრძელებს ფუნქციონირებას.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მოსწავლეებს სისტემური ტესტირების შესახებ ჯერჯერობით არც მეცნიერული მონაცემები არსებობს და არც შესაბამისი რესურსები აქვს ქვეყანას.

„მოსწავლეების ძალიან მცირე რაოდენობამ მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში. რაც შეეხება პედაგოგებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებას, რა თქმა უნდა, რესურსი აქაც არის შეზღუდული.

ყოველდღე რომ ყველანი გავიტესტოთ, კარგი იქნებოდა, მაგრამ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუ ვინ არის უფრო მაღალი რისკის ჯგუფში. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ დასაქმებულების ტესტირებაზე, 20%-იანი მაჩვენებელი გვაძლევს გარკვეულ მონაცემებს.

რაც შეეხება მოსწავლეებს, ასეთი ტიპის სისტემური ტესტირების შესახებ ჯერჯერობით არც მეცნიერული მონაცემები არსებობს და არც შესაბამისი რესურსები გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი თერბერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე.