იმედი არ მაქვს, რომ ვინმე პოლონელ ექიმებს შემოუშვებს - ალასანია

იმედი არ მაქვს, რომ ვინმე პოლონელ ექიმებს შემოუშვებს, რადგან როგორც ჩანს, არის დასამალი რაღაც, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„მითხრა, წნევა მქონდა 140/100-ზეო. რა ვიცი, რა გითხრათ, კარგი არაფერი არ არის. რაღაც მედიკამენტებს აძლევენ, რას ზუსტად არ ვიცი. მთავარი მისი პრობლემა რაცაა, ესაა მძიმე მეტალები, რომელიც არის მის ორგანიზმში, ამას ეს ექიმები უარყოფენ, აქედან გამომდინარე ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ არ აკეთებენ დეტოქსიკაციას. არც სწამთ საერთოდ, არც სჯერათ, ამათ სჯერათ უფრო სამხარაულის ექიმების დასკვნის და არ სჯერათ კალიფორნიის ექიმების, გერმანიის ექიმების“, - განაცხადა ალასანიამ.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.