ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე: მიუღებელია პარლამენტარების მიერ მისი იმიჯის გამოცალკევება

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისვლის შემდეგ განუცხადა, რომ მიუღებელია პარლამენტარების მიერ, ლაზარე გრიგორიადისის „იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ მარტის აქციის მონაწილე და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს“.

„აქ, როგორც ყველა დანარჩენი იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გააკეთა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ ის და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველას აქვს ამ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება. ასე რომ, აქ იმისთვის ვარ, ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო საქართველოს მოქალაქეებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელიც ძალიან უჭერს მხარს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რატომაც ვარ აქ, ეს ძალიან მარტივია”, - განაცხადა ფონ კრამონმა მედიასთან "ინტერპრესნიუსის" ცნობით.  

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს, მარტის აქციების მონაწილის გათავისუფლებას ითხოვენ და მის პატიმრობას აპროტესტებენ.

"ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე აჩვენებენ ფილმებს - „დაუსჯელი დანაშაული“ და „ქართული თუ რუსული“ ოცნება.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.