რა განაცხადეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მონახულების შემდეგ

ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის ჯგუფის წევრები დასკვნას ორშაბათს ან სამშაბათს გამოაქვეყნებენ.

წულაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაადგილებისას, დაცემის მაღალი რისკი აქვს.

„წონა მეტად დაკლებულია, 63 კილოგრამია. კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე. მისი მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. ვეღარ იტყვი, როდის, რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. პროგნოზირება ძალიან ძნელია.

კომბინირებული და რთულად სამართავი პაციენტია. გადაადგილება შეუძლია, რამდენიმე მეტრს გაივლის. ეს არ არის ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია. გადაადგილებისას, სავარაუდოდ, დაცემის მაღალი რისკი აქვს.

მისი წამოდგომა და გადაადგილება რისკთან არის დაკავშირებული მაშინაც კი, როდესაც პალატიდან საპირფარეშოში შესვლას დააპირებს. არაერთხელ ვთქვით, რომ მგონი „ვივამედის" კლინიკაც ამ აზრზეა ახლა, რომ მისი მკურნალობა აღარ უნდა გაგრძელდეს ამ კლინიკაში. ჩვენი აზრია, რომ საზღვარგარეთ უნდა წავიდეს და იქ უმკურნალონ, ესენი ფიქრობენ, რომ გაათავისუფლონ. ისინი საუბრობენ, რომ სჯობს, სხვაგან გაგრძელდეს მისი მკურნალობა, ან სხვა ტიპით“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ მედიასთან.


თავის მხრივ, კონსილიუმის კიდევ ერთმა წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ საქართველოს პირობებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს პატიმრად გრძნობს და სტრესი არ ეხსნება, რამაც ეს დაავადება გამოიწვია, ნებისმიერი კლინიკაში იგივე რეზულტატი იქნება.

„კლინიკა „ვივამედმა” ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, სადაც ითხოვენ სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ. იქ არ არის ნათქვამი, რომელ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. მე ძალიან კარგად მესმის ამ კლინიკის თანამშრომლების და დირექციის, უკვე 10 თვეა მიხეილ სააკაშვილი აქ იმყოფება. ყველა მხრიდან დიდი წნეხი აქვთ და რეზულტატებიც არ აქვთ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და არ უმჯობესდება.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი პოზიცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, აპრილის დასკვნაში დავწერეთ, ჩვენს პირობებში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია. ის რამაც გამოიწვია ეს დაავადება, სტრესი ადამიანს არ ეხსნება.

იმ გარემოში იმყოფება, რომელ გარემოშიც დაავადდა, არანაირი აზრი არ აქვს ერთი კლინიკიდან მეორე კლინიკაში გადაყვანას, ან კიდევ სხვაგან ან ვიღაცის ჩამოყვანას, ერთი ან ორი სპეციალისტის ჩამოყვანას.

თუ ჩვენ გვინდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, უმჯობესი იქნება, რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყოს, მე არ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე, გადავადება იქნება თუ დროებით გადაყვანა. ვფიქრობ, საქართველოს პირობებში, სადაც ის თავს პატიმრად გრძნობს, სადაც არ ეხსნება ეს სტრესი, რამაც ეს დაავადება გამოიწვია, ნებისმიერი კლინიკაში იგივე რეზულტატი იქნება”, - აღნიშნა გიორგი გრიგოლიამ.

„დღეს ჩვენ ვესაუბრეთ კლინიკა ,,ვივამედის” დირექტორს, ნინო ნადირაძეს. ჩვენ დღეს სხვა ექიმებთან არ გვისაუბრია. დღეს მისი სამედიცინო ისტორია არ გვინახავს, დანიშნულება ვნახეთ. ჩვენ ბოლო ორი კვირის ისტორია არ გვინახავს. პრინციპში დიდი ცვლილებები არ იქნება. დასკვნას ორშაბათს ან სამშაბათს გამოვაქვეყნებთ.

შეიძლება თეორიულად დავუშვათ, რომ ადგილი თვითდაზიანებას აქვს. რას ვგულისხმობ თვითდაზიანებაში, განზრახ არ ჭამდეს საჭმელს და ისევ შიმშილს აგრძელებდეს?კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი კონსილიუმის წევრ ექიმებს ასეთი შთაბეჭდილება არ რჩება, მაგრამ არიან ექიმები, რომლებიც ასე თვლიან. შედეგი ახლა არის ძალიან ცუდი, რადგან არის საშინელი კახექსია, კუნთების განლევა, უჭირს ადგომა.

10 თვის მკურნალობის შედეგად დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე მაისში, როცა ამ კლინიკაში შემოვიდა. შესაბამისად, იმას არ ვამბობ, რომ ეს კლინიკა არაკომპეტენტურია და მათ არ შეუძლიათ მკურნალობა, ეს შედეგი დადგებოდა ნებისმიერი ქვეყნის კლინიკაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის მოხსნილი ის მიზეზი, რამაც ეს დაავადება გამოიწვია”, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.