უკრაინას ასობით მილიარდი სჭირდება სწრაფი აღდგენისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩერნიგოვის რეგიონში სტუმრობისას, მედიასთან განაცხადა.
„თანხის რეალური ოდენობა არ ვიცი, რადგან ხედავთ, რომ მთელი ტერიტორია არ არის დეოკუპირებული. ამის გათვალისწინებით, მე ვერ დავასახელებ მთლიან თანხას, რომელიც გვჭირდება. რა თქმა უნდა, საუბარია ასობით მილიარდზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია ფიქრი ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სოციალურ საკითხებზე.
„სწრაფი აღდგენისთვის ფული გვჭირდება, რადგან ახლა ბრძოლის ველზე ვხარჯავთ მთელ ფულს, ვაძლევთ ჯარს, ვფარავთ ხელფასებს. ასევე ვეხმარებით ჩვენს მასწავლებლებს და ექიმებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის სწრაფი აღდგენისთვის სპეციალურ ანგარიშზე უკვე იყო 17 მილიარდი უკრაინული გრივნა.