თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. და ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას - ესაა იმ ქვეყნის დახმარება, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის... ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საუბრობს.

ედგარს რინკევიჩსი ამბობს, რომ ბალტიისპირელი ლიდერების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის კუთხით არასდროს განელებულა. დიპლომატი იმ დღესაც იხსენებს, როცა საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის ესტონეთის პრეზიდენტები და ლატვიის პრემიერი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად თბილისში მხარდამხარ იდგნენ.


  • ციტატა ინტერვიუდან: „ჩვენ ევროკომისიისგან ველოდებით ანგარიშს სამივე ქვეყნის შესახებ - ესენია უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. იცით, შეიძლება გქონდეს ფორმალური კრიტერიუმები, შეიძლება გამოსცე ძალიან ბევრი კანონი, ან განაცხადო, რომ შეასრულე 226 ან 295 რეკომენდაცია და ბევრი დიდებული რამ გააკეთე, მაგრამ თუკი არ არის ღირებულებათა ის ევროპული სული, თუკი ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა არაა უზრუნველყოფილი, მაშინ ეს ქვეყანა ვერ წავა წინ როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და როგორც წევრი“.

ის ამას გასული წლის განმავლობაში კიევში ჩასული ლიდერების ვიზიტებსაც ადარებს. ამბობს, რომ საქართველოს უნდა ესმოდეს, რა ვითარებაა ახლა ევროპაში, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს საქართველოს მომავალზეც და გადაწყვიტოს, ისტორიის რომელ მხარეს იდგება თბილისი:

„საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ ის, რაც ახლა ევროპაში ხდება - რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ - ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს მომავალზეც. თუკი უკრაინა გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს საქართველოც, თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, საქართველოს ჩათვლით. და ეს არ ნიშნავს არავის ომში ჩათრევას - ესაა იმ ქვეყნის დახმარება, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის“.

„ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას ედგარს რინკევიჩსი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ახლა ქვეყნისა და მისი მთავრობის ხელშია და მნიშვნელოვანი იმის დადასტურებაა, რომ მომდევნო ნაბიჯები ევროპული სულისკვეთების იქნება:

„არჩევანი საქართველოსა და მისი მთავრობის გასაკეთებელია, თუმცა თუ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს, რომ შესაძლოა, არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ბლოკში მისაღებად“.

რინკევიჩსი ლატვიის საგარეო უწყებას 4 პრემიერ-მინისტრის კაბინეტში, უკვე 12 წელია, რაც ხელმძღვანელობს.