NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად არიან, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
„ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როცა დასრულდება, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი ღონისძიებები, რათა უკრაინამ შეძლოს მომავალი აგრესიის შეკავება და ისტორია არ განმეორდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა CNN-ის ცნობით.
„ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ რუსეთმა ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, NATO-ს ქვეყნებმა 65 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას.
ამასთან დაკავშირებით, რუსული მედია ბიუჯეტის პროექტს ეყრდნობა და წერს, რომ ამავდროულად, რუსეთი გეგმავს 2023 წელს დახარჯოს თითქმის 5 ტრილიონი რუბლი - 63,7 მილიარდი დოლარი სამხედრო საჭიროებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიანსის მიერ კიევისთვის გაწეულმა სამხედრო ხარჯებმა რუსეთის წლიურ სამხედრო ბიუჯეტს გადააჭარბა.
სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრასა და უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმებზე. იმედი გამოთქვა, რომ მინისტრები კიევისთვის სამხედრო დახმარების მრავალწლიანი პროგრამის შემუშავების გეგმას დაამტკიცებენ.
გენერალური მდივანი ასევე იმედოვნებს, რომ ალიანსის წევრები კიევს ყოველწლიურად 500 მილიონ ევროს გამოუყოფენ, წერს Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მისი გეგმის მიხედვით, ეს თანხები საწვავს, აღჭურვილობას და დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მოხმარდება.
მინისტრთა შეხვედრა 4 და 5 აპრილს გაიმართება. სამშაბათს, NATO-უკრაინის კომისიის წევრები ასევე შეხვდებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას, სადაც კიევისთვის მხარდაჭერის გაზრდის გზებზე იმსჯელებენ.