ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულოო სესიის პირველ სხდომაზე მომხდარ ინციდენტს აფასებს და აცხადებს, რომ თეა წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება, არა ეთიკურად მიაჩნია.
აღნიშნული კომენტარი ევროკავშირის ელჩმა, ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„სიფრთხილით მოვეკიდები, მაგრამ ამავე დროს ღია პასუხს გაგცემთ. გეტყვით, რომ როდესაც ეს ვნახე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, კონფიდენციალურობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და მე ეს არაეთიკურად მივიჩნიე. რაც შეეხება იმას, რაც ჩემს შეფასებას სცდება, ეგ ჩემი განსასჯელი არ არის. რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის ამას მონაცემთა დაცვის კუთხით. ვნახოთ, როგორი იქნება მათი შეხედულებები ამ საკითხზე“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
2 თებერვლას იუსტიციის ყოფილმა მიისტრმა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, ტელეკომპანია "მთავარის" ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას ნომერი პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.
„ბატონო ალეკო, თქვენ აქ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს ჩემი ნომერი არაა, ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ ხოლმე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, შემდეგ ამაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - განაცხადა წულუკიანმა.
პარლამენტის სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველს საკუთარი ტელეფონის ნომერი შეახსენა.
"მოქალაქეებისთვის ვიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერს 593 58 40 52. ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, ზოგი მლანძღავს, ზოგი პრობლემებს მიზიარებს, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და სწორი პოლიტიკა ჩემი აზრით, დანარჩენს ვნახავთ, იმედს დავიტოვებ, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ ამ დარბაზში" - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
მოგვიანებით, თეა წულუკიანის განცხადებას ნიკა გვარამიამ უპასუხა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს და დეპუტატს მადლობა გადაუხადა მისი ტელეფონის საჯაროდ გამოცხადებისთვის. გვარამიას თქმით, მას შემდეგ რაც მისი ნომერი გასაჯაროვდა მის ტელეფონზე ბევრი პოზიტიური ზარი შევიდა. მოქალაქეები მადლობას უხდიდნენ მისი აქტივობებისთვის და პოზიციისთვის.