გსურთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, აადუღოთ სიტუაცია - მდინარაძე ოპოზიციას

გსურთ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, აადუღოთ სიტუაცია - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

მისი თქმით, კამპანია, რომელსაც მავნებლობის გარდა არაფერი შეიძლება დაერქვას, გრძელდება.

„ამ კამპანიის შესრულების და აღსრულების პროცესს ვუყურებთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. გუშინ ვთქვი და დღეს უკვე ასეთ მოკლე დროში დადასტურდა, რომ ეს ხალხი პირდაპირ მიყვება გეგმას, რომლის პირველი პუნქტიც არის მოლოდინის აწევა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და ერთადერთი „ქართული ოცნების“ ნება და რეკომენდაციების შესრულებაა გადასაწყვეტი და დანარჩენი უკვე გამზადებულია ყველაფერი და კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მოგვცემენ და რომ არა „ქართული ოცნება“ ეს უკვე დამთავრებული ამბავი იქნებოდა. არადა ყველამ ვნახეთ, რომ უსამართლობა იყო ის საფუძველი, რის გამოც კანდიდატის სტატუსი უკვე წარსულში დღევანდელი გადასახედიდან, ვერ მიიღო არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ, ჩვენმა ქვეყანამ და ეს თავად ევროკავშირმა კრიტერიუმების გამოქვეყნებით აღიარა“, - აღნიშნა მდინარაძემ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.