სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სასამართლომ ბრალადწარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო.
პროკურორ ირაკლი მარშანიას განმარტებით, სოსო გოგაშვილი სასამართლომ ხუთივე ბრალდებაში ცნო დამნაშავედ. მისივე თქმით, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო გამამტყუნებელი განაჩენი. „უამრავი მტკიცებულება იყო და ცალსახად დასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა დანაშაულები“, – განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას გოგაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს.
გოგაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).