"თუ კორონავირუსით ინფიცირებული იყავით, ახალი ვარიანტით რეინფიცირების შანსი ძალიან მაღალია", - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ სამხრეთ აფრიკაში ჩვენი კოლეგების გამოცდილება მიუთითებს, რომ თუ კორონავირუსის ახალი შტამი დომინანტური გახდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვირუსის ორიგინალური სახეობით დაინფიცირებული იყავით, რეინფიცირების შანსი ძალიან მაღალია. ეს მინიმუმ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს ეხება, რომლის შესახებაც ჩვენ ყველაზე მეტი ვიცით, როდესაც საქმე რეინფიცირებას ეხება,“- განაცხადა ფაუჩიმ.
ენტონი ფაუჩიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის აუცილებლობას მძიმე და პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადების თავიდან ასაცილებლად.
„რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვახორციელოთ ადამიანების ვაქცინაცია. გთხოვთ, აიცრათ, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტებისგან დაცვა შემცირებულია, ის საკმარისად გიცავთ იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ დაავადების მძიმე ფორმა, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა. ასე რომ, ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.