ჩინეთში მაკრონის ვიზიტის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი ამერიკელი კოლეგა ჯო ბაიდენი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი აქტიურად უნდა ჩაერთოს, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს.
ელისეის სასახლის ცნობით, „ორმა ლიდერმა აღნიშნა მათი ერთობლივი მზადყოფნა, რათა დააჩქაროს უკრაინაში ომის დასრულება და მონაწილეობა მიიღონ მდგრადი მშვიდობის დამყარებაში რეგიონში“, - ნათქვამია მაკრონის ოფისის განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოთხშაბათს სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთჩი ჩავიდა.
ფრანგული მედია წერს, რომ მაკრონი შეეცდება, დაარწმუნოს ჩინეთის ხელისუფლება, უარი თქვას რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერაზე. ამასთან, დაამყაროს უფრო მჭიდრო კავშირი მის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან.
მოსალოდნელია, რომ სი ძინ პინთან მოლაპარაკების დროს, ემანუელ მაკრონი შეეცდება უკრაინის პოზიციების დაცვას.