NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ალიანსის იმ პარტნიორების მხარდაჭერის საჭიროებაზე, რომლებიც რუსეთის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდიან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა.
„რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის მეტი ომისთვის ემზადება. როგორც გუშინ განვიხილავდით მინისტრ კულებასთან, მოკავშირეები ერთიანნი არიან ჩვენს ვალდებულებაში, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ ერს სჭირდება ბრძოლის ველზე გამარჯვებისთვის. NATO ასევე გააგრძელებს სხვა პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის მოლდოვის, საქართველოსა და ბოსნია- ჰერცეგოვინის მხარდაჭერას.
ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ალიანსის წინაშე მდგარ სხვა საფრთხეებსა და გამოწვევებს, მათ შორის სამხრეთიდან წამოსულს, და როგორ გავუმკლავდეთ მზარდ სტრატეგიულ კონკურენციას, მათ შორის ჩინეთის მზარდ კავშირს რუსეთთან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.