რუსეთმა თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქონლის მიწოდება დაიწყო - მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში დაადასტურეს მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობები. კერძოდ, ახლა ტრანზიტის ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალიას ლაბახუამ.

ცოტა ხნის წინ 62 კონტეინერის შემადგენლობის მატარებელი შემოვიდა, ეს იყო საქონლის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან თურქეთში. მატარებელმა შეუყოვნებლად ჩაიარა, საბაჟო სამსახურის მხრიდან არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ეს არ არის პირველი მერცხალი, იყო სხვა ტრანზიტები, მაგრამ მცირე პარტიებში. შემოწმდა მარშრუტი, ჩატარდა მონიტორინგი“, - განაცხადა ლაბახუამ რადიო თავისუფლების ცნობით.

ლაბახუას თქმით, მატარებელი უკან რუსეთის ფედერაციისთვის განკუთვნილი სხვა ტვირთით დაბრუნდება.

„აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის არსებული შეთანხმებით, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საქონლის შეუფერხებელი ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. საბაჟო გადასახადი მცირეა, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი პროცედურის ფაქტი ბევრზე მეტყველებს: დღეს ერთი მიწოდება, ხვალ - მეორე და ასე, როგორც იტყვიან, ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტი "კაპიკ-კაპიკ" გროვდება", - განაცხადა ლაბახუამ.


შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ სოხუმში პირველმა საკონტეინერო მატარებელმა გაიარა.

ოკუპირებული სოხუმიდან თურქეთში ტვირთების გადასაზიდად გემი Anatolian-ი გამოიყენეს, იტყობინებოდა გამოცემა sova.news-ი.

რუსეთი დასავლური სანქციების ქვეშაა და მისი გვერდის ავლის გზებს ეძებს. ამის ნაწილია მის მიერ, 2022 წლის მაისში „პარალელური იმპორტის” დაკანონება, რაც მწარმოებლის ნებართვის გარეშე, მისი პროდუქციის დიდი ოდენობით რუსეთში უპრობლემოდ შეტანას ხდის შესაძლებელს.

ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქონლის ტრანზიტის თაობაზე, საქართველოში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.