ევროპის ქვეყნები კორონავირუსის მეორე ტალღას ლოკდაუნით ებრძვიან. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთმა პიკი სწორედ ამ შეზღუდვით გადალახა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინფექცია შეჩერდა. პარალელურად ვრცელდება ცნობები კიდევ ერთი ვაქცინის შესახებ, ამჯერად მსოფლიოს ყურადღება ამერიკული კომპანიის Moderna-ს მიერ დატესტილი ინექციისკენ არის მიპყრობილი, რომლის დამტკიცებასაც რამდენიმე კვირაში ვარაუდობენ. მისი ეფექტურობის მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს.
ნოებრის ბოლოსთვის გეგმავენ კიდევ ერთი ვაქცინის დამტკიცებას, რომლის წარმატებით გამოცდის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. საუბარია გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე, რომლის წინასწარი ანალიზებიც აჩვენებს, რომ კოვიდინფექციისგან 90%-ით დაცვა შეუძლია. ვიდრე ვაქცინის გამოყენება დაიწყება, Europetime იტალიის მაგალითზე კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვის ზოგად პროტოკოლს გაგაცნობთ, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური და ნებისმიერი მკურნალობის კურსი ოჯახის ექიმთან შეთანხმებით ინიშნება.
მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში პაციენტი სახლში მკურნალობს. როგორც ჩანს, ეს მეთოდები ამართლებს, რადგან ინფიცირების შემთხვევათა ზრდის მიუხედავად, ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა და მძიმე პაციენტების რაოდენობაც პროცენტულად, საგრძნობლად შემცირებულია:
1. თუ დაგიდასტურდათ კორონავირუსი, მაგრამ არ გაქვთ გამოხატული მძიმე სიმპტომები, როგორ უნდა მოიქცეთ, რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, - არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ინიციატივა საკუთარ თავზე. აუცილებელად მიმართეთ ოჯახის ექიმს და გაითვალისწინეთ მისი მითითებები. ნებისმიერი მედიკამენტი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემდეგ.
2. უნდა მიიღოთ თუ არა პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება? პარაცეტამოლი უნდა მიიღოთ, თუ სხეულის ტემპერატურა 38.5 გრადუსს გადააჭარბებს და გაქვთ თავის ან კუნთების ტკივილი. პარაცეტამოლის მიღება შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც, თუ ამ სამი სიმპტომიდან ერთი მაინც გაქვთ გამოხატული. თუ სიცხე დაბალი და ასატანია, სიცხის დამწევი საშუალების მიღება აზრს მოკლებულია. პარაცეტამოლი სიცხის დამწევია და ანთებით პროცესზე გავლენა ნაკლებად აქვს.
3. უნდა გქონდეთ თუ არა სახლში პულსოქსიმეტრი?
პულსოქსიმეტრი ამ შემთხვევაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თერმომეტრი. მისი საშუალებით სუნთქვითი ფუნქციის მონიტორინგს შეძლებთ, ანუ შეძლებთ ჟანგბადის სატურაციის გაზომვას. სატურაციის ნორმაა 96-98%. აპარატის გამოყენების მეთოდი შემდეგია: ჯერ გაიზომეთ დასვენებულ მდგომარეობაში, შემდეგ იმოძრავეთ 6 წუთის განმავლობაში, იარეთ სახლში, ნორმალური ტემპით. თუ ამ აქტივობის შემდეგ მონაცემები არ შეიცვალა, იმას ნიშნავს, რომ ფილტვები კარგად ფუნქციონირებენ. თუ მონაცემები 93-94%-მდე ჩამოვიდა, ექიმი შესაბამის ზომებს მიიღებს და დიდი ალბათობით სახლის პირობებში ფილტვების რენტგენს დანიშნავს. ეს არის იდეალური გზა ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად, რა თქმა უნდა, თუ მდგომარეობა განგაშის საბაბს არ იძლევა.
4. კორტიზონი?
სხვადასხვა კვლევის საფუძველზე დგინდება, რომ კორტიზონის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სუნთქვის მწვავე უკმარისობისას, როდესაც მაჩვენებელი 90%-ს ქვემოთ ჩამოდის და პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა ხდება აუცილებელი. ხშირ შემთხვევაში ამ პრეპარატით თვითმკურნალობას მიმართავენ და ძირითადად სიცხის დასაწევად იყენებენ, რაც არასწორია. ამ პრეპარტმა, თუ ის დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება, შეიძლება ზიანი მიაყენოს ავადმოფს და ვირუსის განმეორებას შეუწყოს ხელი.
მაგრამ კორტიზონი ამ ეტაპზე ფუნდამენტური საშუალებაა საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის შემთხვევაში, ავადმყოფობის ნაადრევ ეტაპზე.
მსუბუქად გამოხატული სიმპტომებისას როგორც ახალგაზრდებში, ასევე ასაკოვან პაციენტებთან, ლაციოს რეგიონის პროტოკოლი სრულიად გამორიცხავს სპრეის, აეროზოლის (ორივე ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას) და კორტიზონის გამოყენებას.
5. უნდა მიიღოთ თუ არა ჰეპარინი?
შესაძლებელია სახლის პირობებში მოხმარება, მაგრამ მცირე დოზით, თრომბოემბოლიის პრევენციისათვის, იმ შემთხვევაში თუ დაინფიცირებული მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფება, რათა არ მოხდეს სისხლის კოაგულაცია ფილტვებში.
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ შეიძლება ჰქონდეს ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, საუბარია ინექციაზე პატარა ნემსით, რა თქმა უნდა, გამოყენებული უნდა იყოს აუცილებლად ექიმის დანიშნულებისამებრ.
6. აქვთ თუ არა ანტიბიოტიკებს გავლენა COVID19-ზე?
მათი გამოყენება იშვიათად ხდება საჭირო. მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა, ბოლო პერიოდში ასეთი სახის პრეპარატებს გადაჭარბებით იყენებენ. ხველა და სიცხე სულაც არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობას მიმართოთ. ამ მედიკამენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავენ, თუ ხველა და მაღალი სიცხე დღეების განმავლობაში გრძელდება და ოჯახის ექიმი პირადი ვიზიტის შემდეგ, საჭიროდ ჩათვლის მათ დანიშვნას.
7. რამდენად სასარგებლოა C და D ვიტამინების მიღება კორონავირუსის შემთხვევაში?
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ამ ვიტამინების დადებითი გავლენა ვირუსის შემთხვევაში ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, დღეში ერთი გრამი C ვიტამინის, გარკვეული რაოდენობის D ვიტამინისა და თუთიის მიღება, თუ ორგანიზმი მის ნაკლებობას განიცდის, შეიძლება გამართლებული იყოს. ამან შესაძლოა ვირუსის მიმართ ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობა გაზარდოს და არ ახასიათებს უკუჩვენებები.
მოამზადა ნინა მამუკაძემ Corriere della sera-ს მიხედვით
სპეციალურად „ევროპათაიმისთვის“