თბილისის სააპელაციო სასამართლომ "ყინწვისის საქმეზე" 12 ყოფილი მსჯავრდებულიდან 10 სრულად გაამართლა, 2 პირი - ნაწილობრივ. ღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, ეს მათი შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამამართლებელ განაჩენს წინ უსწრებდა დეპარტამენტში წარმოებულ საქმეზე მათი დაზარალებულად ცნობა, რომელზედაც გამოძიება ამ პირთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. რის შემდეგაც პროკურორებმა მხარი დაუჭირეს შესაბამის შუამდგომლობას.
"დეპარტამენტის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება იქნა ჩატარებული. დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, "გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქ. თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ,,ეროვნულ სარწმუნეობრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის“ წევრები და მათი ახლობლები, ნიკოლოზ გოგუაძე, დავით შუკაკიძე, რამაზ ღვალაძე, ოლეგ კეშელავა, ჯემალ სურამელაშვილი, ბაქარ ჩიგოგიძე, მიხეილ ცილიკიშვილი, ზაზა გვიმრაძე, მახარე სისაური, დავით თუთარაშვილი, ჯემალ გუნდიშვილი და ირაკლი ჩარბაძე. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში აღიარებითი და განთქმითი ჩვენებების მიღების მიზნით დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა".
დაკავებულ პირებს, 2011 წლის 28 მაისს, დაკავებულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობის მუხლით, წაუყენეს. მათგან სამს, ნიკოლოზ გოგუაძეს, ბაქარ ჩიგოგიძეს და მიხეილ ცილიკიშვილს, აგრეთვე, დამატებით ამავე კოდექსის 236-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის. ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
„პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით, ნიკოლოზ გოგუაძე, დავით შუკაკიძე, რამაზ ღვალაძე, ოლეგ კეშელავა, ჯემალ სურამელაშვილი, ბაქარ ჩიგოგიძე, მიხეილ ცილიკიშვილი, ზაზა გვიმრაძე, მახარე სისაური, დავით თუთარაშვილი, ჯემალ გუნდიშვილი და ირაკლი ჩარბაძე აღიარებულები იქნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად.
"თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას დადგინდა, რომ ნიკოლოზ გოგუაძის, დავით შუკაკიძის, რამაზ ღვალაძის, ოლეგ კეშელავას, ჯემალ სურამელაშვილის, ბაქარ ჩიგოგიძის, მიხეილ ცილიკიშვილის, ზაზა გვიმრაძის, მახარე სისაურის, დავით თუთარაშვილის, ჯემალ გუნდიშვილის და ირაკლი ჩარბაძის მხრიდან მათთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სასამართლომ სრულად გაიზიარა მხარეთა პოზიციები და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.