ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე: ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, პირდაპირ ბლინკენი „გასვარეს“

„მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება. ამ განცხადებაში საუბარი იყო კორუფციაზე და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირებას გამოეხმაურა.

„კორუფციაში მარტო ფული არ იგულისხმება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი „გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას“, რაც ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიდო მდივნამდე. ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იღვიძებს და არ იძინებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს“, - განაცხადა კობახიძემ „იმედის“ ეთერში. 

მისი თქმით, „რამდენიმე ფაქტი პირდაპირ მიანიშნებს კორუფციულ ინტერესებზე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ“.

მაგალითად ეს არის „რუსთავი 2“-ის საქმე. ეს საქმე წარმოებდა 2015-16 წლებში. მაშინ იყო შტურმი სასამართლო სისტემაზე. უტევდნენ სასამართლოს, ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება და ამ შტურმში ჩართული იყო ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი, მათ შორის უჩა ნანუაშვილი, ყველა მდიდარი „ენჯეოს“ ლიდერი, „ნაცმოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ლიდერები. პირდაპირ ამტკიცებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება.

მათ გააგზავნეს წერილი სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ ეს წერილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ზომის გამოყენების საფუძველი, რამაც ნიკა გვარამიას მისცა 7 მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება.

ამ კამპანიაში სამწუხაროდ პირდაპირ იყო ჩართული ყოფილი ელჩი, იან კელი. მიზეზი იყო პოლიტიკური ინტერესი, რომ „რუსთავი 2“ არ დაბრუნდებოდა კანონიერ მფლობელს და მიმტაცებლების ხელში, „ნაცმოძრაობის“ ხელში დარჩენილიყო. საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება.

მათ შორის იყვნენ მოსამართლეები, რომლებთან დაკავშირებითაც მათვე გასცეს რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიამ, რომ მათთვის უვადოდ გახანგრძლივებულიყო უფლებამოსილების ვადა. თუ კორუმპირებულები იყვნენ, მერე როგორ მიწევ რეკომენდაციას, რომ უვადოდ გადაინიშნონ ისინი უზენაეს სასამართლოში?! ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის არაერთი მცდელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.