უკრაინა მზად იქნება დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებულ კონტრშეტევას განახორციელებენ და ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევენ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი თანაშემწეები ახლა განიხილავენ მხოლოდ ასეთ ვარიანტს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიისთვის.
„თუ მოვახერხებთ ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევას ბრძოლის ველზე და როდესაც ვიქნებით ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, მზად ვიქნებით გადავშალოთ დიპლომატიური გვერდი ამ საკითხის განსახილველად. ეს არ ნიშნავს, რომ გამოვრიცხავთ ყირიმის ჩვენი არმიის მიერ გათავისუფლების გზას“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ Financial Times-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს მოახდინა.