საუდის არაბეთისა და ირანის უმაღლესი დიპლომატები პეკინში შეხვდნენ, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. სააგენტო Anadolu წერს, რომ შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც გასულ თვეში რიადმა და თეირანმა მოულოდნელად განაცხადეს ჩინეთის შუამავლობით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ.
მოსალოდნელია, რომ ამ ქვეყნის საელჩოები უახლოეს მომავალში განაახლებენ საქმიანობას.
ირანმა და საუდის არაბეთმა ურთიერთობა გაწყვიტეს მას შემდეგ, რაც 2016 წლის იანვარში, თეირანში საუდის არაბეთის საელჩოში ხალხი შეიჭრა საუდის არაბეთის შიიტი სასულიერო პირის შეიხ ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯის შემდეგ.
„2021 წლის აპრილიდან, ორივე მხარე ჩართული იყო მარათონულ მოლაპარაკებებში, მაგრამ ჩინეთის ჩარევამ გარღვევა გამოიწვია“, - წერს Anadolu.