ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ნაბიჯი გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
„ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე, მედიის შეზღუდვის შესახებაც. ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც“, - ამბობს ლინას ლინკევიჩიუსი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.