ყირგიზეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ყირგიზეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. ინფორმაციას Eurasianet-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრ ულუკბეკ მარიპოვის მიერ წარდგენილი ახალი მთავრობა პარლამენტმა 3 თებერვალს დაამტკიცა.

მარიპოვის თქმით, მას უფრო მობილური მთავრობა სურს. ახალი მთავრობა საგრძნობლად შეკვეცილია წინასთან შედარებით. კაბინეტში ახლა 16 წევრია 48-ის ნაცვლად.

წევრების შემცირებას პრეზიდენტი დადებითად შეხვდა. ჯაპაროვი კაბინეტის წინა წევრებს ფულის დიდი რაოდენობის გაფლანგვისთვის აკრიტიკებდა.

"მინისტრთა შეკვეცა სახელმწიფოს, მხოლოდ ენერგეტიკის სისტემაში ორ მილიარდს დაუზოგავს", - აცხადებს სადირ ჯაპაროვი.

ვიდრე ახალი მთავრობა ფიცს დადებს, პარლამენტის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

ყირგიზეთი პოლიტიკურ კრიზისშია მას შემდეგ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, რაც მთავრობისა და მაშინდელი პრეზიდენტის, სოორონმაი ჟეენბეკოვის გადადგომით დასრულდა.