განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ევროკავშირის ელჩს პარლამენტში იწვევს.
„ძლიერ ვისურვებდი ელჩ ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან დაკავშირებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ევროკავშირის ელჩმა დღეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება არა ეთიკურად მიაჩნია.
„სიფრთხილით მოვეკიდები, მაგრამ ამავე დროს ღია პასუხს გაგცემთ. გეტყვით, რომ როდესაც ეს ვნახე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, კონფიდენციალურობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და მე ეს არაეთიკურად მივიჩნიე. რაც შეეხება იმას, რაც ჩემს შეფასებას სცდება, ეგ ჩემი განსასჯელი არ არის. რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის ამას მონაცემთა დაცვის კუთხით. ვნახოთ, როგორი იქნება მათი შეხედულებები ამ საკითხზე“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
2 თებერვლას იუსტიციის ყოფილმა მიისტრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, ტელეკომპანია "მთავარის" ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას ნომერი პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.
„ბატონო ალეკო, თქვენ აქ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს ჩემი ნომერი არაა, ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ ხოლმე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, შემდეგ ამაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - განაცხადა წულუკიანმა.
2 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველს საკუთარი ტელეფონის ნომერი შეახსენა.
მოგვიანებით, თეა წულუკიანის განცხადებას ნიკა გვარამიამ უპასუხა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს და დეპუტატს მადლობა გადაუხადა მისი ტელეფონის საჯაროდ გამოცხადებისთვის. გვარამიას თქმით, მას შემდეგ რაც მისი ნომერი გასაჯაროვდა მის ტელეფონზე ბევრი პოზიტიური ზარი შევიდა. მოქალაქეები მადლობას უხდიდნენ მისი აქტივობებისთვის და პოზიციისთვის.