კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე: საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე

„საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე. ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკის კანონი გვთხოვს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა, კელი დეგნანმა სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ელჩმა უპასუხა შეკითხვას, რა წყაროებს დაეყრდნო აშშ სანქციების დაწესებისას.

„სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა, მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩართულნი არაინ კორუფციულ გარიგებაში.

ეს არის საგულდაგულო პროცესი, მოთხოვნა და ვალდებულება, განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია, თუ არა შევიდეს აშშ-ში. სავიზო სანქციები აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს, შევიდეს ამერიკაში.

ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ“, - აღნიშნა ელჩმა.

კითხვას, აპირებთ თუ არა თანამშრომლობას ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებთან, „იმედის“ თარგმანის თანახმად, ელჩი პასუხობს: „ინფორმაციის დიდი ნაწილი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. თუ ქართველი სამართალდამცველები გადაწყვეტენ, დაიწყონ გამოძიება, მათთვის ეს ხელმისაწვდომი იქნება. ეს ბრალდებები არის ცნობილი. როგორც გითხარით, ამერიკული კანონის მოთხოვნა იყო, ჩვენ ასე მოვქცეულიყავით. უკვე საქართველოზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა გამოძიებას“.


ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.