აშშ მიმართავს საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას, რომ „აშშ კვლავ მზად არის, დაეხმაროს ნებისმიერი გზით საქართველოს ევროკავშირის მიერ გასულ წელს დასახული ნაბიჯების განხორციელებაში, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას“.
„სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი სფერო, რომელზე ფოკუსირებაზეც "ქართული ოცნების" მთავრობას ევროკავშირი უბიძგებდა, ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება წაახალისებს „ქართულ ოცნებას“, გამოიძიოს და აღმოფხვრას კორუფცია, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც საჭიროა მიუკერძოებელი დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად და ეს პროცესი წარიმართება ინკლუზიურად“, - აცხადებს ამერიკის ოფიციალური პირი რადიო თავისუფლების ცნობით.
მაღალი თანამდებობის პირი ასევე ხაზს უსვამს, რომ „ეს შეზღუდვები არ არის პოლიტიკური“.
კითხვაზე, რის გამო მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ახლა ეს გადაწყვეტილება, იგი უპასუხებს, რომ „როდესაც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია უცხოელი ოფიციალური პირის მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის შესახებ, ჩვენი კონგრესი მოითხოვს ჩვენგან, შევზღუდოთ ამ თანამდებობის პირების შეერთებულ შტატებში გამგზავრების შესაძლებლობა“.
მანამდე, ამის შესახებ accentnews.ge წერდა.
ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
ბლინკენი განმარტავს, რომ ხსენებულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.