სომხეთი აცხადებს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა სურს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს აშშ-ის არმიის სარდლობის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში - KFOR, და Saber Junction. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.

ეს კომენტარი მოჰყვა სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის მიერ ევროპაში დაგეგმილ წვრთნებში - „დამცველი 2023“ მონაწილეთა სიიდან სომხეთი ამოიღეს.

სომხეთი თავდაპირველად მოხვდა იმ 26 ქვეყანას შორის, რომლებიც პენტაგონის თქმით, მიიღებენ მონაწილეობას Defender 23-ში, რომლის მიზანია, „შეაჩეროს ისინი, ვინც საფრთხეს უქმნიან ევროპაში მშვიდობას და ასევე, დაიცვას კონტინენტი აგრესიისგან“. განახლებული პრესრელიზის მიხედვით, სომხეთი ამოღებულია სიიდან და, ამერიკის შეერთებულ შტატების ჩათვლით, ჩამონათვალში 25 მონაწილე სახელმწიფოა. მათ შორის მოლდოვა და საქართველო.

ამასთან, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურიც წერს, რომ პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხუთშაბათს დარედაქტირდა, რათა სომხეთი სიიდან ამოღებულიყო. ოფიციალური განმარტება ამის შესახებ არ გაკეთებულა. ამაზე კომენტარი არც სომხეთის ხელისუფლებას გაუკეთებია. ამდენად, გაურკვეველია, დათანხმდა თუ არა ერევანი თავდაპირველად მონაწილეობას.

ამავე მედიასაშუალების ცნობით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ არ დაადასტურა მონაწილეობა ორთვიან წვრთნებში, რომელიც 22 აპრილს დაიწყება.

განახლება: „ამერიკის ხმის“ სომხური რედაქცია იტყობინება, რომ პენტაგონიდან მისწერეს, რომ ეს იყო „მედიის შიდა ჯგუფის შეცდომა“ და სომხეთი „არ უნდა ყოფილიყო მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში“.

Defender 2023 არის ყოველწლიური, დაახლოებით ორთვიანი წვრთნები, რომელიც, თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, ფოკუსირებულია „ამერიკაში განთავსებული ძალების სტრატეგიულ გადასროლაზე, არმიის წინასწარ გამზადებული მარაგების მიწოდებაზე და ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავსებადობაზე“.

(KFOR) „კოსოვოს ძალა“ არის NATO-ს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალა კოსოვოში, რომელიც 1999 წლიდან მოქმედებს. მისიაში NATO-ს 29 წევრი თუ არაწევრი სახელმწიფოს ჯარისკაცები მონაწილეობენ. სომხეთს იქ 2004 წლიდან ჰყავს სიმბოლური წარმომადგენლობა: 40 ჯარისკაცი.

Saber Junction კი, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპა-აფრიკის სარდლობის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური წვრთნაა, რომელიც სამხრეთ გერმანიაში ტარდება. სომხეთს ამ წვრთნებში აქამდეც მიუღია მონაწილეობა.